სახელი და გვარი: გიორგი ტერუნაშვილი;
ამჟამინდელი სტატუსი: მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; პროგრამის - "ასწავლე საქართველოსთვის" მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებელი;სამუშაო გამოცდილება: მაქვს მასწავლებლად (არ მომწონს სიტყვა "პედაგოგი", რადგან ვფიქრობ, ეს ცნება ვერ იტევს იმ შინაარსობრივ დატვირთვას, რაც მასწავლებელს გააჩნია) მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება: ვმუშაობდი როგორც თბილისის სკოლებში, ისე მეთორმეტე წელია, ვარ პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლის ფარგლებშიც მიმუშავია საქართველოს სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონის სოფლების სკოლებში (იხ. "ჩემი CV").
პირველ რიგში,
ჩემი მთავარი პრინციპია მოსწავლის კომპლექსურ განვითარებაზე ორიენტირება: მათთვის დახმარების
გაწევა, რათა მოძებნონ სასწავლო საგნებს შორის კავშირები, დასამუშავებელი საკითხები
განიხილონ ამ კავშირებზე დაყრდნობით და შეფასება გააკეთონ საკითხის სწორედ ასეთი კომპლექსური
დამუშავებით. პარალელურად ვითვალისწინებ მოსწავლეთა მორალური განვითარების დონეს კოლბერგის
თეორიაზე დაყრდნობით და ვიყენებ მათი მორალის განმავითარებელ შესაბამის მეთოდებს (მაგ.
როლში ჩაყენება; ჩემი მხრიდან არავერბალური კომუნიკაციის ხერხების გამოყენება: ტონი,
მიმიკა, ემოცია და სხვა). იქიდან გამომდინარე, რომ ვასწავლი ისტორიას, გეოგრაფიას და
სამოქალაქო განათლებას, ვზრუნავ ჩემს მოსწავლეებში პერსონალური და სოციალური კომპეტენციის
განვითარებაზე (სხვა გამჭოლ კომპეტენციებთან ერთად); სამუშაო საკითხის ისე დასმით,
რომ მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო საგანს დაეყრდნონ საკითხის გადაჭრისას, მათში
ვავითარებ შეხედულებას მდგრად განვითარებაზე: რომ გარემოს მდგრადი განვითარება განყენებული
ცნება არ არის ის მთლიანად დამოკიდებულია მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
ასეთი კომპლექსური მიდგომით ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებში შესაბამისი მკვიდრი წარმოდგენების
ჩამოყალიბებაზე. სწორედ სამუშაო საკითხის კომპლექსური ხასიათი მიბიძგებს, მოსწავლეთა
შეფასება სოლო ტაქსონომიის მიხედვით მოვახდინო, რომელიც უფრო უკეთ წარმოაჩენს კომპლექსური
კოგნიტური განვითარების დონეს, ვიდრე ბლუმის ტაქსონომია. მასზე დაყრდნობითვე მივმართავ
განმავითარებალ შეფასებას.
რაც შეეხება
„ისტორია“-ს, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ურთიერთდამოკიდებულების დასანახად
და კონკრეტულ ლოკაციაზე მომხდარი ფაქტის ან მოვლენის თანადროული ეპოქის მსოფლიო ისტორიულ
მოვლენებთან მიმართებაში გასააზრებლად მოსწავლეებს ვახორციელებინებ სხვადასხვა პროექტს.
ერთი მათგანი ამ ბლოგშია.
სოციალური და
სამოქალაქო, სემიოტიკური კომპეტენციების განვითარების მიზნით მივმართავ ისეთ მეთოდებს,
როგორიცაა: კომპლექსური დავალებების მიცემა, ერთობლივი პროექტების შექმნა-პრეზენტაცია,
სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებაში მოსწავლეთა ჩართვა შერეული ასაკობრივი ჯგუფების ფორმით
(ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ასეთი ალტერნატიული გზა გამოვნახე ჯგუფების დასაკომპლექტებლად,
რამაც გაამართლა და გააჯანსაღა სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ურთიერთობები).
ძალიან დიდ ყურადღებას
ვუთმობ ერთი მხრივ ვალიდური და მეორე მრივ, სახალისო სასწავლო რესურსების შექმნას.
მოხარული ვიქნები,
თუ ჩემს ბლოგში შესული მასალის თქვენი საჭიროებისამებრ მოდიფიცირება დაგეხმარებათ სასწავლო
მიზნების მიღწევაში.
პატივისცემით:
გიორგი ტერუნაშვილი